ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისის მერიამ მზიურის პარკში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა, რაც მისივე თქმით, კორუფციული სქემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია.
ლაშა ფარულავას განცხადებით, დედაქალაქის მერიამ პროექტი სამშენებლო ნორმატივების და უსაფრთხოების წესების დარღვევით შეითანხმა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მშენებლობის უკან „სახელისუფლებო კლანის წევრების“ კორუფციული ინტერესები დგას.
მისივე თქმით, მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებული და ავარიულია, თუმცა საექსპერტო დასკვნა ისეა შედგენილი, რომ მდგრად ნაგებობად არის წარმოჩენილი.
„ამ მშენებარე კორპუსს მისასვლელი გზა არ გააჩნია, ამიტომ „მზიურის“ მხრიდან ფაქტობრივად, უკანონოდ გაჭრილია გზა და კომპანიამ გადაწყვიტა, რომ სამშენებლო სამუშაოები „მზიურზე“ გავლით აწარმოოს. აქ არის მოჭრილი ხეები. მწვანე ნარგავები განადგურებულია. ამბობენ, რომ ხეების გადაგვაზე ნებართვა აქვთ, თუმცა აქ ვიზუალურად შეგიძლიათ მოჭრილი ხეები ნახოთ, თუ როგორ ვანდალურად არის გადარგული. გადარგული კი არა როგორც სარები, ისე არის დარჭობილი და გამორიცხულია აქ ამ ხეებმა გაიხარონ,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისივე თქმით, პროექტში უამრავი დარღვევაა: სამეზობლო მიჯნის, სიმაღლის განსაზღვრის, კოეფიციენტის გამოთვლის, სახანძრო უსაფრთხოების და პარკირების.
ფარულავას განცხადებითვე, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა მშენებლობის შეჩერება და კომპანიისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილმონაცვლეობის შეთავაზებაა.