ხმალაძე: მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი 3-4 წელი გაგრძელდება

317

წინა სტატია

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დედაქალაქის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის 55 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე წელი გაგრძელდება.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მერიას ეტაპობრივად ორი ან სამი მეტროსადგურის გაჩერება მოუწევს.

“იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია 10 მეტროსადგურის ერთობლივად გაჩერება და ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს, რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ნამდვილად გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირების შემდეგ, ერთი მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეიძლება ერთ წლამდე ვადა დასჭირდეს და იმის გათვალისწინებით, თუ ერთდროულად შევძლებთ ორი ან სამი პროექტის განხორციელებას, ეს არის დაახლოებით, 3-4 წლიანი პროექტი, მას შემდეგ რაც დაიდება სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება”, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

გარდა ამისა, ხმალაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თითქოს კერძო პირები საპარკინგე სივრცეებს ყიდულობენ.

აღნიშნულზე ვიცე-მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარკინგე სივრცეებს თბილისის მერია არ ყიდის.

“საპარკინგე სივრცეებს თბილისის მერია არ ყიდის. შეიძლება გაიყიდოს ტერიტორია, სადაც ფაქტობრივად, ადამიანი სარგებლობს მანქანის პარკირებით, მაგრამ მუნიციპალური პარკინგისთვის გამოყოფილი ტერიტორია, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილია როგორც საპარკინგე სივრცე, ასეთ ტერიტორიებს თბილისის მერია არ ყიდის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დეველოპერული პროექტის მიზნებისთვის მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება და დაიწყო იქ სამშენებლო სამუშოები, იცოდეთ, რომ გეგმარებით აუცილებლად გათვალისწინებულია ყველა პროექტში შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე სივრცეების შექმნა. ასე რომ, თბილისის მერია არ ამცირებს ასეთ შემთხვევებში საპარკინგე სივრცეებს და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალურ პარკინგებს ჩვენ არ ვყიდით“, – დასძინა ვიცე-მერმა.