პარლამენტთან მისული დეპუტატი გია ჟორჟოლიანი სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანეს

596

წინა სტატია

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

“ვერ შეძლებენ დეპუტატები პარლამენტში შესვლას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ისინი სწუხან, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ფიქრობენ, რომ დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის.

პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ერთდღიანი დუმილის შემდეგ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა, როგორც ეს საქართველოს კონსტუტუციაში წერია.