აქციის მთავარი მოთხოვნა: ვადამდელი არჩევნები გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით

1141

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

„ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. 20:00 საათზე გეტყვით მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად გამორიცხა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.