ამერიკის საელჩო: გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

1238

“გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადება ცოტა ხნის წინ საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-18 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად”, – წერია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.