რატომ გაუგზავნა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოქალაქეს უცენზურო შინაარსის ტექსტი

441

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და “ხალხის ძალას“ დეპუტატმა, საბა კბილაშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის პოსტის ქვეშ დაწერილი სავარაუდოდ შერაცხმყოფელი კომენტარის გამო, მოქალაქე ნიქო გორგილაძეს პირად შეტყობინებაში უცენზურო შინაარსის ტექსტი გაუგზავნა. დეპუტატი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ყველას „გასცემს საკადრის პასუხს, ვინც შეურაცხყოფას მის სარწმუნოებას და ოჯახს მიაყენებს“.

დეპუტატის უცენზურო სიტყვების და სავარაუდოდ, მუქარის შემცველი შეტყობინების ე.წ. სქრინები “ტვ პირველმა“ გაავრცელა. გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე“ გორგილაძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან მომხდარის შესახებ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება არ ისურვა.

საბა კბილაშვილის განმარტებით, გაღიზიანება მის კომენტარზე ნიქო გორგილაძის უარყოფითმა გამოხმაურებამ გამოიწვია.

“მანამდეც იყო დიალოგი, მაგრამ მხოლოდ ჩემი მიწერილია ამოღებული. კონფლიქტი არ ყოფილა. მანდ ჩანს თითქოს მე შევუვარდი კომენტარში, მაგრამ პირიქით იყო. ჩემი კომენტარის ქვეშ დამიწერა კომენტარები, რომელიც ახლა წაშლილია და აღარ ჩანს. იგი ლანძღავდა პატრიარქს, მამაოებს და ამან გამოიწვია ჩემში აღშფოთება და მივწერე, რომ  შენ შენი აზრი გაქვს და დაწერე შენს ფეისბუქ გვერდზე, ჩემი კომენტარის ქვეშ რატომ წერ–მეთქი. იქიდან წამოვიდა უარყოფითი კომენტარები“,–ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დეპუტატი.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირისგან მსგავსი ქმედება, საბა კბილაშვილი ამბობს: “ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი ჩემგან, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს სარწმუნოებას და ჩემს ოჯახს“.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის ქმედება მის უფლებებს არღვევს, შეუძლია კონკრეტული ფაქტის შესწავლის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოს, ან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე გამორიცხავს, რომ საბა კბილაშვილს რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაეკისროს: „არ ვარ საქმის კურსში. არ მგონია, რომ საბას ეს გაეკეთებინა“.

ანდრია ჯაღმაიძემ პოსტი 27 ნოემბერს გამოაქვეყნა, რომელიც ხაშურში ცხრამუხაში მდებარე ეკლესიაში მოხდარ ფაქტს ეხებოდა. სასულიერო პირი პასუხისმგებლობას მედიის წარმომადგენლებს აკისრებდა. უთანხმოება სწორედ ამ განცხადების ქვეშ დაწერილმა კომენტარებმა გამოიწვია.