პარლამენტთან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც კოლეგების ნაწილის მსგავსად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, “მონა“, “ბიძინას გოშია“ და “ვირთხა“ ეძახეს.
ქვარაიას პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.
სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სწორედ სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.
“მე არ დაგეთანხმებით, რომ არცერთი დაპირება არ შევასრულეთ. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ახლა კონსტრუქციულ რეჟიმში ვიპოვოთ გამოსავალი, საქართველოს წავიდეს წინ და განვითარდეს და საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყნისTვის და არა რომელიმე პარტიისთვის,“ – განაცხადა ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.
საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.
საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ისინი სწუხან, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ფიქრობენ, რომ დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის.
პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ერთდღიანი დუმილის შემდეგ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა, როგორც ეს საქართველოს კონსტუტუციაში წერია.