ჭიათურის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 3 570 000 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, სოფელ მერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 669 337, სოფელ გუნდაეთის გზის კეთილმოწყობას 571 900, ღვითორი -მელუშეეთის დამაკავშირებელ გზას 1 099 645, სოფელ საბაჟო-ბერეთისის დამაკავშირებელ გზას 668 035, სოფელ მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას კი რეგფონდიდან 561 083 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 812 362 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.