ოზურგეთის მერმა, 2022 წელს დაწყებულ და შესრულებულ პროექტებზე, ასევე, 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ მიმართულებებზე ისაუბრა

477

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, 2022 წელს დაწყებულ და შესრულებულ პროექტებზე, ასევე, 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილ მიმართულებებზე მერიის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„მსურს მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, რომელზეც მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ველით საკრებულოს მხარდაჭერას მის დასამტკიცებლად.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ შევასრულეთ დაპირება ოზურგეთისთვის მეტი ბიუჯეტის და დაფინანსების მოზიდვაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს – 2022 წლის ბიუჯეტში ოზურგეთისთვის უპრეცედენტო დაფინანსების – 67 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შევძელით, რამაც ოზურგეთის განვითარების 8 პუნქტიანი გეგმის თანახმად, საშუალება მოგვცა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები დაგვეწყო და შეგვესრულებინა. მათ შორის:

შევძელით რამდენიმე ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და სოციალური დახმარების მიწოდება; აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელთან შედარებით 5 ჯერ იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 2023 წლისთვის.

დავიწყეთ ჩვენი ქალაქის მასშტაბური განახლების პროექტი, რომელიც 15 მდე მრავალბინიან კორპუსს, ცენტრალურ გზებს და განათებას მოიცავს. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დავიწყეთ გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი ოზურგეთის სოფლებში, პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, რომლის დასრულების შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციული ერთეული 100% გაზიფიცირებული იქნება; დავაგეთ ახალი გზები, შევაკეთეთ ხიდები და დავიწყეთ წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა არაერთ სოფელში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით; დავიწყეთ სკოლების, საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები; პარკების რეაბილიტაცია და ახალი სკვერების მშენებლობა; ვაშენებთ ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას ქალაქსა და სოფლებში; დავაფინანსეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები;

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი – გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ასევე, მიმდინარეობს მდ. ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები; ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დავასრულეთ დაბა ურეკში ახალი ბულვარის მშენებლობა; დასრულდა სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 2 400 000 ლარამდე; დასრულდა სოფ. მერიის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები”- აღნიშნავს თალაკვაძე.

მერის განცხადებით დასრულებულია ტენდერი ქ. ოზურგეთში კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის და სამუშაოები 2023 წლის 1 კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა; მიმდინარეობს შრომის და ნაგომრის კულტურის სახლების რეაბილიტაციის და ასკანის ციხის კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება.