ხონის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 9 პროექტი 1 839 949 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, ქალაქ ხონში გზების მოასფალტებისთვის ტ. ტაბიძის ქუჩაზე 128 230, მებუკის ქუჩაზე 112 640, ნინოშვილის ქუჩაზე 197 849, გურამიშვილის ქუჩაზე (გაგრძელება) 138 817, ბაგრატიონის ქუჩაზე (გაგრძელება) 273 277 ლარი დაიხარჯება. ასევე, იპ. ხვიჩიას მეორე შესახვევის ასფალტირებისთვის (პირველი უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა) 122 725, სოლომონ მეორის ქუჩის I და II შესახვევის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობაზე კი რეგფონდიდან 188 840 ლარი გამოიყო.
ამავე ფონდიდან, სოფელ დიდ კუხში, ძიძიგურების უბანში (ხონი-ქუთაისის გზის მარცხნივ) გზის მოასფალტებას 367 628 ლარი, ხოლო, გორდაძეების უბანში N1 ქუჩის მოასფალტებას (წყალტუბო-ხონის გზის მიმდებარედ) 309 943 ლარი მოხმარდება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ხარაგაულის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქუთაისის, საჩხერის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.