ბეგიაშვილი: 2022 წელს შიდა ქართლში 32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა

448

2022 წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. კერძოდ, 8 მილიონი ლარი დაიხარჯა წყალმომარაგების პროექტებზე. ასევე, განხორციელდა ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა.

ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ კასპში, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს ქალაქში შესასვლელი აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვას.