ბეგიაშვილი: სამცხე-ჯავახეთში 35 მილიონ ლარამდე თანხის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

341

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა.

დასრულდა კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი ქვაფენილით მოპირკეთდა, მოედნის მიმდებარედ მოეწყო სკვერი. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

სოფელი თისელი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, ამასთანავე სოფელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პროექტის განხორციელების შემდეგად იგი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. საავტომობილო გზას კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა.

ქალაქ ახალციხეში, ყოფილი სასაზღვრო ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ახალგაზრდული ცენტრისთვი შენობები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ კომპლექსს, გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

“დავათვალიერეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელი ძალიან საინტერესო იყო რეგიონისთვის, ვინაიდან მოხდა 35 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზაცია სხვადასხვა ფონდიდან- მთის განვითარების ფონდიდან, სოფლის განვითარების პროგრამიდან და ასე შემდეგ. დაფინანსდა 370-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, თითოეული მათგანი მოსახლეობის სურვილებზე და ინტერესებზეა მორგებული. სამუშაოების ის წილი, რაც უნდა შესრულებულიყო წელს შესრულებულია. შეხვედრებზე ვისაუბრეთ 2023 წლის გეგმებზე. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს მოგვეცემა უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება”, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.