თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები უნდა განიხილონ. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, ახალი რეგულაციები კი2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.
“პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ლიცენზიების გაცემას ტაქსის მძღოლებისთვის. შემდგომ ეტაპზე ახალი რეგულაციები 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია ა და ბ კატეგორიის. ა კატეოგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, აუცილებლად მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად), ასევე 2019 წლიდან შემოდის ტექდათვალიერება და ეს უნდა ჰქონდეთ გავლილი. ასევე ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით და ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლებული იქნებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება ბ კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა დატოვეს.
21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარ იქნება.
5 დეკემბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 22 999 ნებართვა, საიდანაც 60-მდე ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით. ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები უკვე დაიხაზა.