წინა სტატია
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემაგრძელდება. 12 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 18 215 ნებართვა. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.
რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ 200-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა.
ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.
თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ხოლო, ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.
ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.