ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ

906

წინა სტატია

ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან 2 წლის განმავლობაში საკუთარ მანქანებზე იმ კომპანიის რეკლამა განათავსონ, რომელიც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვაუჩერს უსასყიდლოდ გადასცემს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა.

მისივე თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება.

“გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება. მძღოლებისთვის ეს არის საუკეთესო შეთავაზება, 2 წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. დღეს, სანამ ამ შეთავაზებას გავაკეთებდით, ტაქსის მძღოლები იძახდნენ, სად გვაქვს მანქანის გადასაღები ფულიო, არადა, იცოდნენ, რომ რეკლამები ჰქონდათ და მათგან მიღებული შემოსავლით შეეძლოთ ავტომანქანა გადაეღებათ. ცდილობდნენ ნეგატივში გაეყვანათ ეს საკითხი. ჩვენ ვითამაშეთ როლი ტაქსის მძღოლებს და კერძო სექტორს შორის, რომ საუკეთესო წინადადება მიეღოთ. ტაქსის მძღოლის ნებაზეა დამოკიდებული, ამ შეთავაზებას მიიღებს თუ არა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე განცხადებით, იგივე კომპანია მისცემს ტაქსის მძღოლებს მანქანის ქიმიური წმენდის ვაუჩერებსაც.

“შეღებვის ფასები დიფერენცირებულია, 350 ლარიდან 1000-ლარამდე. ჯერ არ ვიცით, საშუალო ფასი რა დაჯდება. მთავარია ის, რომ ორივე მომსახურებას ტაქსის მძღოლებს ეს კომპანია დაუფინანსებს. სად გადაიღებება, რა ლოკაციაზე, ამ საკითხში მერია არ ჩაერევა. ჩვენი მიზანი იყო ტაქსის რეფორმის ფარგლებში მიგვეღო ვიზუალურად გაუმჯობესებული ტაქსი, ეს ყველაფერი კი გაკეთებულიყო ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და მომგებიანი მოდელით, რომელიც არც მძღოლებს დააწვებოდა ტვირთად და მეორე მხრივ, სარგებლიანი იქნებოდა მომხმარებლისთვისაც.

რაც შეეხება ქიმიურ წმენდას, ეს აპრობირებული სერვისია. ყველამ კარგად ვიცით, ქიმწმენდამდე და ქიმიური წმენდის შემდეგ რამხელა სხვაობაა სალონში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს სერვისიც შეგვეთავაზებინა. ტაქსის მძღოლებს ამ ეტაპზე არ ექნებათ ვალდებულება კონკრეტული პერიოდულობით ქიმიური წმენდა ჩაუტარონ მანქანას, თუმცა, რეფორმა ჯერ კიდევ გრძელდება. ახლა დავაანონსეთ 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები და დაველოდოთ შემდეგ ეტაპს“, – განაცხადა ხმალაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაქსის ლიცენზიის 12 000-მდე ნებართვაა გაცემული. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.