4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე იწარმოებს ასევე, რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე. მერიის ინფორმაციით, ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარ იქნება.
ასევე, ცნობილია, რომ 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება. 5 დეკემბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 22 999 ნებართვა, საიდანაც 60-მდე ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით. ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე. დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები უკვე დაიხაზა.