ლევან ჟორჟოლიანი: დედაქალაქში გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნას აუცილებელია რეფორმის ფარგლებში მიწოდებაც დაეწიოს

288

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დედაქალაქში გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნას აუცილებელია რეფორმის ფარგლებში მიწოდებაც დაეწიოს.

ამით ჟორჟოლიანი დედაქალაქის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს EBRD-ის სესხით აღარ შეისყიდის და საბიუჯეტო სახსრებით შეიძენს.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, დაანონსებულ პროექტებს. პირველ რიგში, მინდა სატრანსპორტო პოლიტიკაზე გავუსვა ხაზი, რომ ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს მგზავრების რაოდენობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შესაბამისად, მოთხოვნა გაზრდილია. აუცილებელია სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მოთხოვნას მიწოდებაც დაეწიოს. შესაბამისად, 2023-2024 წლებში მოხდება 18 მეტრიანი 200 ავტობუსის ქალაქში შემოყვანა, რომელიც ძირითადად 10 სატრანსპორტო დერეფანზე განთავსდება, როგორც ეს დაანონსებული იყო”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზეც და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის გამზირის მსგავსად მოხდება.

„ჩვენ ვგეგმავთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც მერმა დააანონსა. ამ შემთხვევაში მიდგომა ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც ჭავჭავაძის გამზირთან მიმართებაში გვქონდა. სრულად შეიცვლება მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციები. სრულად განახლდება საფეხმავლო ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, მოეწყობა შესაბამისი „ბასლაინები“, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ იმ სტანდარტს, რომელიც 2018 წელს დავადგინეთ არ გადავუხვევთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გარდა ამისა, საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, კომპანიასთან, რომელიც ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების საკითხები უნდა გადაიხედოს.

„თბილისის მთავრობის სხდომაზე მეტრო გოცირიძესთან და ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთებული იყო. აბსოლუტურად ვიზიარებთ მერის დამოკიდებულებას იმ არაკეთილსინდისიერი კომპანიის მიმართ, რომელსაც უკვე მნიშვნელოვნად აქვს ვადები დარღვეული. არასწორი და არაკეთილსინდისიერია მსგავსი ტიპის კომპანიები რომ ტენდერებს იგებდნენ. მეტროსადგური „გოცირიძე“ არის ის მეტროსადგური, რომელსაც საშველი არ დაადგა, რომ ბოლო-ბოლო გახსნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნულ კომპანიას მაინც ვადაგადაცილებები აქვს. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე კომპეტენტური კომპანიებით განებივრებულები არ ვართ. ასევე, ამ კომპანიას მოგებული აქვს ტენდერი ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ არასწორია, როდესაც კომპანიას ამდენი დარღვევები აქვს, სანამ არ დაუწყია იქ მასშტაბური სამუშაოები, მანამდე მასთან ხელშეკრულების საკითხები უნდა გადაიხედოს“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.