დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან, ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან, ყაზბეგის გამზირის N12-თან, იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან გაკეთდა.
თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.
მერიის ცნობით,”თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს. ამასთან, პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით.
როგორც მერიაში აცხადებენ, ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს. პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილები: ტაქსების დგომის წერტილებში; საავადმყოფოებთან; მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერებების სიახლოვეს; სავაჭრო ცენტრებთან და სასტუმროებთან.
“გასათვალისწინებელია, რომ ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება.
ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილების შერჩევისა და დამატების საკითხზე მუშაობა გრძელდება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მზად არის, რომ ამ სფეროში ჩართული პირებისა და მგზავრების მოსაზრებები გაითვალისწინოს.
მოქალაქეებს მოცემულ საკითხზე იდეების დაფიქსირება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე შეუძლიათ”, – აცხადებენ მერიაში.
21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება. 19 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 19 494 ნებართვა, საიდანაც 60-მდე ნებართვა, ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.
ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ხოლო, ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც შესაბამის ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს, ასევე, გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ჰყვთა მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.
ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. 2019 წლის ოქტომბრიდან კი მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.