სამოქალაქო აქტივისტს თელავის საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს

341

სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის მაკა მოსიაშვილის ინფორმაციით, მას როგორც მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის და საკრებულოს ბიუროს საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მაკა მოსიაშვილის თქმით, ის საჯარო სხდომაზე აპირებდა დასწრებას, თუმცა, დაცვის პოლიციამ არ შეუშვა. მიზეზად კი განუმარტეს, ბიუროზე მოქალაქეების დაშვების უფლება არ ჰქონდათ.

“27 წუთის განმავლობაში ვიდექი დაბლა და ველოდებოდი შეშვებას. ჩემი დიდი მცდელობის შემდეგ, ისეთ დროს ავედი, რომ ბიუროს სხდომა, სადაც დასწრებას ვაპირებდი დასრულებული იყო. სამწუხაროდ, გუშინ ჩემი, როგორც მოქალაქის უფლება დაირღვა”, – განაცხადა მაკა მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლებას თვითმმართველობის კოდექსი აძლევს.

“საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი ჩვენ, მოქალაქეებს გვაძლევს უფლებას, რომ შეუზღუდავად შევძლოთ საკრებულოში საჯარო სხდომებზე დასწრება. შესაბამისად, გვაქვს ორი არჩევანი, ან პატივს ვცემთ და ვასრულებთ კანონს მოქალაქეებისთვის, ან ვაღიარებთ რომ თვითმმართველობა ამ ბერკეტით შორდება მოქალაქეებს”,

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს, ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეუზღუდავად შეუძლია დასწრება. მისივე თქმით, საკრებულოს არცერთი მოქალაქისთვის ეს უფლება არასდროს არ შეუზღუდავს.

“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბიუროსა და კომისიის სხდომები საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეუზღუდავად შეუძლია დასწრება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეების საშვებით დაშვების საკითხს, ამ პროექტის მთავარი მიზანია, როგორც ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე პერსონალისთვის, ისე მოსული მოქალაქეებისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი გარემოს შექმნა”, – აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.

აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კი განმარტავენ, რომ ამ დროისთვის შენობაში სპეციალური საშვებით შესვლის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა ამ კუთხით სიახლეების განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება.