ნასამართლევ პირებს შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ. ასეთი ინიციატივით გამოდის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ინფორმაციას ნიუპოსტი ავრცელებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს ტაქსების მომსახურების სფეროში. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და მისი განხორციელების მთავარი მიზანიც ეს არის. ამიტომ, ვემიჯნები იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც პრაქტიკულად არასწორად არის გამოყენებული, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დამატებით მიმართულებებზე რაც სჭირდება ამ რეფორმას.
როცა ვსაუბრობთ ტაქსების უსაფრთხოების საკითხზე, უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს შემდეგ ეტაპებად მძღოლების მზაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელონ ეს მომსახურება.
ცნობილია, რომ ავტოავარიები როცა ხდება 90% არის განპირობებული ადამიანური ფაქტორის და შეცდომის გამო. დღეს, ჩვენ ვიცით როგორი კატეგორიის მძღოლები გვყავს ამ მომსახურების სფეროში, ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ იქნას გაჟღერებული, თუნდაც რეფორმის მესამე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნების წაყენება მძღოლებისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და არ უნდა იყოს საშიში საზოგადოებისთვის. მან უნდა იცოდეს ელემენტარული ქცევის წესები მომხმარებლის მიმართ. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს. გვინდა, შემდეგი გეგმები მოვისმინოთ მერიისგან.
ეს რეფორმა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს. ასევე, კარგია, რომ მერია მიდის იმ დათმობებზე, რაც ესმის მძღოლებისგან, მაგალითად, აპირებს ავტომობილების გადაღებვის ვაუჩერები მისცეს მათ”,- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
4 ოქტომბრის მონაცემებით, მერიას უკვე გაცემული აქვს 14 938 ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.
თბილისის მასშტაბით 250-მდე საპარკინგე ადგილი სპეციალურად ტაქსებისთვის გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ.
ხოლო, ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება, ეყოლება მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაცემენ ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერს.
ასევე, ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ.
ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.