კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ

360

ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმა, რომლის მესამე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დაასახელა.

„მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც, რომლის მესამე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ავტობუსებს 2 წლის განმავლობაში შეიძენენ.

ცნობისთვის, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა, 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.