თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და თბილისის მთავრობის განკარგულებით, დიღმის ტყე-პარკის 12 ათასამდე კვ.მ სარეკრეაციო სივრცე დედაქალაქს საკუთრებაში უბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, წლების განმავლობაში სარეკრეაციო სივრცეში მდებარე მიწის ნაკვეთები იყიდებოდა, თან მშენებლობის უფლებით, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
„ეს არის სარეკრეაციო ზონა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ უბნისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში მონაცვლეობის გზით ამ მიწების გამოსყიდვა დავიწყეთ.
დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი 12 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც არის სრულად გამწვანებული და ეკუთვნის დიღმის ტყე-პარკის ცენტრალურ ნაწილს ქალაქის საკუთრებაში გადავიდა“,- აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.