ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

1103

წინა სტატია

5 მარტს ბორჯომის მერიამ სამდღიანი პროტესტის შემდეგ მუშაობა განაახლა. მერიაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით განაცხადი საკრებულოში დღის განმავლობაში შევა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურში ყველა თანამშრომელი გამოცხადდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

“ვღებულობთ მოქალაქეებსაც. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს მერიიდან დღის ბოლომდე მივმართავთ”, – აცხადებენ მერიაში.

მერია საკრებულოს კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს დასამტკიცებლად თუ დოკუმენტს საკრებულოს შენიშვნების მიხედვით დააკორექტირებს ჯერ უცნობია.

“ჯერ არაფერი ვიცით რა როგორ იქნება”, – გვითხრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, 29 თებერვალს, იმ დღეს როცა “ოცნებამ” საპროტესტო აქცია გამართა, აცხადებდა, რომ საკრებულო მერიასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები უცნობია. ჩაჩანიძემ მოუცლოლობის გამო “სამხრეთის კარიბჭეს” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მერიაში კი ამბობენ, “ამის შესახებ არაფერი იციან”.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.