ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” აქცია, რომელშიც ბორჯომის მერი და მისი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ დასრულდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ შემდეგი მოთხოვნა დააყენეს: საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განიხლვა.
აქციის დასრულებიდან მალევე, ქალაქი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფმა დატოვა. საკრებულესთან აღარც პოლიციელები არიან მობილიზებულები.
დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.