ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრებულოს შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის განმეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს.
უწყების ცნობით, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო.
“მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ. სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
“საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკვე თითქმის 11 საათია, ხმაური და დაძაბულობაა ბორჯომში, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხს განიხილავდნენ.