ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონადგილობრივი საკითხები.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ მერიის საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების ცვლილებაზე მსჯელობა მხოლოდ 28 თებერვალის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხერხდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი არალეგიტიმურია. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საკრებულოს შენობის წინ მობილიზება მოჰყვა. რა დროსაც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შეეზღუდათ.
შესაბამისად, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და მუნიციპალური სამსახურების გამართული საქმიანობა შეაფერხა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობაზე აისახა. აგრეთვე, დაირღვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შრომითი უფლებები (მათ ბოლო 3 თვის მანძილზე არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება).
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობას და სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მიუხედავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფორმირების პოლიტიკური საფუძველისა, მისი წევრები თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არიან მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით და თავიანთ საქმიანობას კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს:
თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.
სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს:
შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”