ბორჯომის მერიის თანამშრომლები და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელია ბორჯომში მას შემდეგ ჩავიდა, რაც საკრებულოს სხდომა კვლავ ჩაიშალა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს საბოტაჟში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას. მელიასა და მერიის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბორჯომის მერის წარმომადგენელმა ბაკურიანში, გოჩა გობრონიძემ თქვა, რომ მას ნიკა მელიამ დაარტყა და ამის გამო პოლიციაში იჩივლებს. ამავე დროს, ბორჯომში მომხდარ მოვლენებში მედიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ დღეს რაც მოხდა ბორჯომში, ესეც მედიის ბრალია.
თავად მელია კი ამბობს, რომ საკრებულოში “ქართული ოცნების” აქტივია მობილიზებული, რომლებიც პროვოკაციებს აწყობენ. მისი თქმით, მერიის თანამდებობის პირებს ხელფასები არ უნდა გაეზარდოთ.
შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები. ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა, – 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – ‘ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი’, ‘მოღალატე გადადექი’, ‘ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი’, ‘ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს’, ‘ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას’, – მერიის შენობის წინ მართავს აქციას.
ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია. ამ დრომდე ისევ კაბინეტში რჩება ზაზა ჩაჩანიძე, – მისი კაბინეტის კარი კვლავ ჩახერგილია სავარძლებით.
ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.
შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.