ბორჯომში დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

1263

წინა სტატია

ბორჯომის თვითმმართველობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. მერიაში სამუშაო პროცესი ისევ შეწყვეტილია. მერიის თანამშრომლები სამსახურში დილიდან მივიდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, სამუშაო პროცესი არ განახლებულა. წუხელ, გვიან ღამით, მერიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ არ იმუშავებენ და პიკეტირებას დაიწყებენ. ისინი საკრებულოს სხდომის ოქმის გამოქვეყნებას და საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ.

პარალელურად, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები თათბირს მართავენ. თათბირზე გადაწყდება, როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა. “ქართულმა ოცნებამ” გვიან ღამით ბორჯომში საპროტესტო აქციები დააანონსა.

ბორჯომში ვითარება გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.