ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს დიალოგის გზით, მაგრამ პარალელურად, ჩვენი პროტესტი არის აბსოლუტურად ნორმალური, ბუნებრივი და საჭირო იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ დიალოგისთვის სწორი ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებს.
„ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს გაყალბებული არჩევნები არ შედგეს და ამის შედეგად არ დაკომპლექტდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამას გავაკეთებთ ამ კვირაშიც და მომდევნო კვირებშიც. მნიშვნელოვანია,რომ ადამიანები, რომლებსაც გაუყალბეს არჩევნები, ქუჩაში გამოვიდნენ და ქუჩიდან დაანახონ ივანიშვილს, რომ ასე არ ხდება და ასე ვერ მიითვისებს ხალხის არჩევანს, ოღონდ პარალელურად, როგორც პირველ მიტინგზე გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით იმ მთავარ საკითხზე, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების ჩატარება. ეს ორი სტრატეგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება”, – განაცხადა კაპანაძემ.
შეკითხვაზე, რა იქნება ოპოზიციის ქმედება, თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, „ივანიშვილს ექნება ერთპარტიული პარლამენტი“.
„პროტესტი გაგრძელდება და ამ პროტესტის ყველაზე მინიმალური შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილს ექნება ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი. ჩვენ შევეცდებით ყველაფერს, რომ როგორც გარეთ პროტესტის გზით, ისე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით, ის დავაყენოთ სწორ გზაზე და საღი აზრის ფარგლებში, გადავადგმევინოთ ნაბიჯი, რაც გულისხმობს ისეთი არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომელშიც ხალხის აზრი იქნება დაცული“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ დადგმულა.
„ხელისუფლების მხრიდან გვესმოდა, რომ არაფერზე წამოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ მოწოდება, რომ გვინდოდა დიალოგი, მეორე დღეს მათაც დაადასტურეს, რომ დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია მათი მხრიდან, ჯერ არ გვინახავს მათი მხრიდან არც კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული და არც რაიმე კონკრეტულ თემაზე დათმობა. თუ მეორე მხრიდან მზაობა არ იქნა, მარტო იმაზე საუბარი, რომ მათ დიალოგი უნდათ და ამას არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ მოჰყვა, ძალიან მალე გამოჩნდება და ყველა გაიგებს, რომ ეს არის ფარისევლობა“, – განაცხადა კაპანაძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დასათმობი არავის არაფერი აქვს.
გარდა ამისა, 10 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლმა ორი განცხადება გაავრცელა, რომელიც ზოგისთვის ურთიერთგამომრიცხავია. ვაშაძის პირველი განცხადების თანახმად, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ამ განცხადებიდან მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.