“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, საზოგადოება სხვა მეთოდებს მოძებნის ცვლილებებისთვის. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ფორმულას ეთერში უგულავამ განაცხადა, რომ ადამიანებს ცვლილებების სურვილი კი არ უქრებათ, პირიქით, უმძაფრდებათ.
“თუ ჩვენ არ შევთანხმდით თამაშის წესებზე, თუ არ იქნება ცვლილების ლეგალური, ლეგიტიმური, სამართლიანი და თავისუფალი შესაძლებლობა, ადამიანებს ცვლილების სურვილი კი არ გაუქრებათ, პირიქით, ცვლილების სურვილი კიდევ უფრო მძაფრი გახდება. შემდეგ უკვე არა არჩევნებს, არამედ სხვა გზებს მოძებნის საზოგადოება ცვლილებებისთვის. ამიტომ არის არჩევნები ერთადერთი სწორი ფორმა ხელისუფლების და ზოგადად, საზოგადოებრივი ცვლილებების. აი, ეს მოსპო დღეს ივანიშვილმა. ამიტომ ვართ ჩვენ ჩიხში შესული. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი წყალგამყოფი. თუ ეს ახლა გაუვიდა, მაშინ ცვლილების შანსი აღარ იქნება. ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს, მაგრამ, ეს ქვეყნისთვისაც იქნება ცუდი”, — განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებობს პროტესტის მუხტი, თუმცა, მას გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.
სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.