დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ”,- აღნიშნავს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისმა მოადგილემ განმარტება გააკეთა და გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.
„ამასთან დაკავშირებით მოგეცათ განმარტება, თუმცა გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რეალურად, საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, იმ ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ. პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კახა კალაძე, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა. არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე.
მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა იყო პრობლემა და მიზეზი, რატიმ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, გავიგოთ რა მოხდა. არ მინდა ჩემი რაიმე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვახტანგიშვილს, ვახტანგიშვილის ფრაზა ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს ბევრია ხარვეზი და ბევრჯერ ხდება ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება, – აღნიშნავს კალაძე.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.