მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციას სახლის აივნებიდან, ფანჯრებიდან და ეზოებიდან უერთდება

301

მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციას სახლის აივნებიდან, ფანჯრებიდან და ეზოებიდან უერთდება. ამ ფორმის საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

“ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი — დავიცვათ საკუთარი ხმები! პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო, აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენთაგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, ორშაბათს, 22:00-ზე, გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (დაცდილია ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ რამდენი ვართ!!!”, — ნათქვამია განცხადებაში.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.