მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შპს „ავტოპარკის“ დირექტორის გიგა ჯალაღონიას დაკავებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებიდან ცნობას ელოდება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გიგა ჯალაღონიას საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც სამართალდამცავი უწყებებიდან შესაბამისი შეტყობინება შევა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა მუნიციპალური შპს „ავტოპარკის“ დირექტორობის თანამდებობას ჯალაღონია.
შაბათს, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გიგა ჯალაღონიაა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ. (გიგა ჯალაღონია)-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს,“ – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.