მარნეულის ინციდენტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

900

წინა სტატია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მარნეულში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი გიორგი ჯალაღონია და “ქართული ოცნების” აქტივისტი გიორგი შუბითიძე დააკავა.

უწყება ამის შესახებ განცადებას ვებგვერდზე აქვეყნებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს – გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს – დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და პირები, ვინც მარნეულში აქტივისტებს ქველაძეს და მუმლაძეს თავს დაესხნენ იდენტიფიცირებული არიან.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

განცხადება გაავრცელა ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.