ბათუმში გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი დააკავეს

443

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.