GMC: მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან

861

29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იკვეთება, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსია.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.

ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოვუწოდებთ უწყებას, უსწრაფესად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე პირები. შსს-ს მიერ ოპერატიულად გატარებული ზომები ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დაპირისპირების პრევენციას.

ამასთან, ამირან გიორგაძე არის „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ  აირჩია . შესაბამისად,  ბატონი გიორგაძე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მმართველი პარტიის წარდგინებითა და მისი წევრების მხარდაჭერით გახდა პოლიტიკური თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია ვალდებულია, მის ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

ამიტომაც, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

——

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, მისთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე, დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა.