შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.
მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების – გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორ შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. ამასთან, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.
“ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, “ქართული ოცნების” 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.