რამდენი ლარით დაფინანსდა ქვემო ქართლის რეგიონში ბიბლიოთეკები და რამდენი დაიხარჯა ახალი წიგნების შესაძენად 2018- 2022 წლებში

556

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ რუსთავის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებმა მოგვაწოდეს, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისმა სამსახურებმა, სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი არ მოგვაწოდეს.

რუსთავის მუნიციპალიტეტი

რუსთავის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 5 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა “ნაკადული”, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის საქალაქო – საბავშვო ბიბლიოთეკა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა.

როგორც ირკვევა, 2018-2022 წლებში არ აშენებულა ახალი ბიბლიოთეკა. 2019 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასსტრუქტურის სამსახურის მიერ N3 ფილიალი – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის საქალაქო – საბავშვო ბიბლიოთეკას ჩაუტარდა ფასადისა და დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო, 2020 წელს კი N1 ფილიალი – შოთა რუსთაველის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკასა და N4 ფილიალი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში გამათბობელი სისტემის გაყვანილობა დამონტაჟდა.

ამავე წლებში მერიამ ბიბლიოთეკები ჯამში 1 963 650 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 304 400 ლარით, 2019 წელს – 335 300 ლარით, 2020 წელს – 375 900ლარით, 2021 წელს – 428 050, ხოლო, 2022 წელს კი – 520 000 ლარით.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, მერიამ წიგნების ფონდის შესავსებად 5 წლის განმავლობაში ჯამში 22 300 ლარი გამოყო. აქედან, 2018 წელს – 4 500 ლარი, 2019 წელს – 4 100 ლარი, 2020 წელს – 4 800 ლარი, 2021 წელს – 4 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – 4 900 ლარი.

დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტში, მერიის ინფორმაციით, 6 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მათგან ორი დმანისის ბიბლიოთეკა, დმანისის საბავშვო ბიბლიოთეკა – ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს, ხოლო 4 – მუნიციპალიტეტის სოფლებში – განთიადში, გომარეთში, დიდ დმანისსა და ამამლოში.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში არცერთი ახალი ბიბლიოთეკა არ აშენებულა. რაც შეეხება რეაბილიტაციას, 6 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ ერთს – სოფელ განთიადის ბიბლიოთეკას რემონტი ახლა უტარდება.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიამ ბიბლიოთეკებს 478 000 ლარის დაფინანსება გამოუყო. კერძოდ, 2018 წელს – 75 000, 2019 წელს – 90 000, 2020 წელს – 93 000, 2021 წელს – 95 000 და 2022 წელს – 125 000 ლარი.

აღნიშნული თანხებიდან კი 2018-2022 წლებში წიგნების ფონდის შესავსებად მხოლოდ 28 800 ლარი დაიხარჯა: 2018 წელს – 4 000, 2019 წელს – 5 000, 2020 წელს – 8 000, 2021 წელს – 4 800, ხოლო მიმდინარე, 2022 წელს – 7 000 ლარი.

წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტში 5 მოქმედი ბიბლიოთეკაა: წალკის მთავარი ბიბლიოთეკა, კიზილ-კილისას, განთიადის, ნეო-ხარაბასა და ბარეთის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში აღნიშნული ბიბლიოთეკებიდან რეაბილიტაცია არცერთს არ ჩატარებია, არ გახსნილა არც ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკების დასაფინანსებლად 460 000 ლარი გამოყო. კერძოდ, 2018 წელს – 85 000, 2019 წელს – 90 000, 2020 წელს – 85 000, 2021 წელს – 90 000, ხოლო 2022 წელს – 110 000 ლარი.

ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად, ხუთი წლის განმავლობაში, ჯამში 16 467 ლარი დაიხარჯა. აქედან 2018 წელს – 4 760, 2019 წელს – 9 197, 2020 წელს – 1 200, 2021 წელს – 1 000, 2022 წელს კი მხოლოდ 310 ლარი.