“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუფოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა

649

წინა სტატია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ბოლნისის პოლიციაში ადვოკატთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა.

როგორც იუსუფოვი აცხადებს, მისი დაკავებისთვის სასამართლოს განჩინება არსებობდა, თუმცა თავად ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მასთან ბოლნისში ადვოკატი ჩავიდა.

“ოპოზიციური პარტიის წევრი ვარ, ხალხი მხარს მიჭერს, ამიტომ მაკავებენ. სხვა რის გამო”, – აცხადებს იუსუფოვი.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელებმა რაუფ იუსუფოვის “დაკითხვაზე გადაყვანა” სცადეს, თუმცა, ენმ-ის წევრმა მას ამის საშუალება არ მისცა.

დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებენ.

„უსამართლობა გრძელდება. სრული განუკითხაობა ბოლნისში გრძელდება. ადამიანზე, რომელსაც სცემეს ექვსი დღის წინ, სასამართლომ გამოიტანა განჩინება, თურმე არის მოძალადე და ჯგუფურ ძალადობაში ედავება ახლა არიფ იუსუბოვს. თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, თავად მოვიდეს პოლიციაში, რათა ცოტა დააწყნაროს სოფელი, ჩაბარდეს და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს 48 საათის განმავლობაში“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.

საქმე ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება – 27 სექტემბერს ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორ შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. ამასთან, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.

“ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, “ქართული ოცნების” 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.