„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში სამართალდამცველებს მათი აქტივისტის დაკავების მცდელობა ჰქონდათ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანასოფლელებმა სამართალდამცველებს არიფ იუსუფოვის დაკავების საშუალება არ მისცეს.
როგორც შაშკინმა განმარტა, საქმე ეხება აქტივისტს, რომელიც გასულ კვირას სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა სცემეს.
„წინა კვირას ბოლნისის სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“ სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს. მას შეუვარდა მეშველიანის ბანდა, იარაღის ტრიალით, ყვირილით, წივილით სცემეს ეს კაცი. სასწრაფო მივიდა, დააფიქსირა, რომ ადამიანი ნაცემი იყო, ასევე ნაცემი იყო სოფლის რამდენიმე მკვიდრი და აღიძრა საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. თუმცა დღეს 1 საათის წინ, არიფ იუსუფოვის სახლში შევარდა პოლიცია, რამდენიმე მანქანით. ამ კაცს მოკიდეს ხელი და ტენიდნენ მანქანაში. შურაცხყოფას აყენებდნენ ეთნიკურ ნიადაგზე, რაც ყველაზე ამაზრზენია. სოფელი ამ ყვირილზე გარეთ გამოვიდა, ჩვენი აქტივისტი დაიცვა და არ გაატანა პოლიციას და პოლიცია გაიქცა. ახლა გარეთ დგანან და რას ელოდებიან გაუგებარია. ჩვენ, საქართველოში 2020 წელს, ოქტომბერში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბანდიტი გოგი მეშველიანის დავალებითა და მისი ბანდიტი ძმის დავალებით, პოლიცია დღისით უვარდება ადამიანს სახლში, რომელიც სცემეს ერთი კვირის წინ ამ ბანდიტებმა. ადვოკატმა დარეკა გამომძიებელთან და გამომძიებელმა უთხრა ადვოკატს, რომ მე არაფერი არ ვიცი, შაბათი დღეა და ვისვენებო,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს ბოლნისში, სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორ შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
“ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. ამასთან, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.
“ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, “ქართული ოცნების” 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.