მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული , – ამის შესახებ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მთავარის და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული.
ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული.
ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და როგორც კი დაიკითხებიან აღნიშნული პირები, ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით,” – განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, მას ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი ურტყამდა.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.