ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაცია და ძალადობა მმართველი გუნდის ინტერესში არ შედის.
„ჩვენ ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, რანაირად მოხდა. ჩხუბის დროს მომხდარი თემაა. ამაზე შესაბამისი გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენ ყველანაირ ძალადობას ყველა მიმართულებით, ადამიანის წინააღმდეგ ვგმობთ.
ჩვენ არანაირად არ გვაწყობს პროვოკაცია და ძალადობა, ეს არ არის ჩვენი სტილი, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, მას ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი ურტყამდა.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.