„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ამ წუთებში სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.