ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ არ უფიქრია, მაგრამ თუ ეს ხალხის მოთხოვნა იქნება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„21 წელი პარლამენტში ყოფნით მე ვიყავი ხალხსა და სახელმწიფოს გვერდით. დღესაც მე მზად ვარ წავიდე არჩევნებზე თუ თქვენი მოთხოვნა იქნება. 21 წლის წინ ჩვენ ჯავახეთში არ გვქონდა, დენი, წყალი, გზა და გაზი. დღეს ჩვენი მხარე გაზიფიცირებით პირველ ადგილს იკავებს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაგალითად, როგორიცაა წალკა, ასპინძა, ადიგენი. ჩვენთან გაზიფიცირებული 80–ია, იქ კი 20%.. ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ჩვენი ფინანსებით, სახელმწიფო არაფერ შუაში იყო, მაგრამ სახელმწიფოსაც მინდა გადავუხადო მადლობა, ასფალტის დაგება დღეს მისი ხელმძღვანელობით ხდება.. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ მე თქვენი მოთხოვნით კენჭს ვიყრი, არავისი არ უნდა შეგეშინდეთ. იყოს ჭეშმარიტი არჩევნები და აირჩიონ ის ვინც ჭეშმარიტია“, – ამ სიტყვებით მიმართა ენზელ მკოიანმა სოფელ სათხეს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.
იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს გუშინ 26 ივლისს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა: „სოფელ სათხეში შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე. შეხვედრის შემდეგ ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში გავმართეთ წვეულება. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებმა“.
ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი დაასახელა.
ცნობისთვის, “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება ჩაატარონ.
საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.
ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.
“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს.