“სამველ პეტროსიანი ჩემს მოკვლას ცდილობდა” – “ოცნების” დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტზე

989

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა. ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს, მათი განცხადებით, პეტროსიანთან ერთად მომხდარზე პასუხი მკოიანმაც უნდა აგოს, რადგან დაპირისპირების დროს პირველმა მან გაისოლა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ოცნების“ დეპუტატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა და რომ არა პოლიცია, შემთხვევას უვნებელი ვერ გადაურჩებოდა. მისივე თქმით, დღეს, 31 მარტს ის მთელ ამბავსა და შემთხვევის ამსახველ ვიდეო ჩანაწერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განათავსებს, სადაც ყველა დაინახავს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„ბიჭებს შორის იყო საუბარი. მე მივედი და ვუთხარი რომ ეს პეტროსიანის მორიგი პროვოკაციაა წამოდით–თქო და გამოვბრუნდი. ორ წუთში მოდის სამველ პეტროსიანი თავის ბიჭს ეუბნება: შენ კაფეში შედი მე ეს უნდა მოვკლაო, შვილი არ შევიდა, სამველა გამორბოდა თან მაგინებდა და თან მესროდა. ერთი მესროლა, შემდეგ მეორე, მესამეზე უკვე პოლიციამ ხელი დაუჭირა და ფეხებში მესროლა, მეოთხე ცდაზე იარაღმა აღარ გაისროლა და გადავრჩი თორემ, უეჭველი მომხვდებოდა, მას უნდოდა რომ მაჟორიტარი დეპუტატი მოეკლა“, – აცხადებს ენზელ მკონიანი.

მკოიანის სახლთან მომხდარ ამბავზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამველ პეტროსიანი და 19 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისთვის დააკავა.

ის ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრში ორმხრივი სროლის შემდეგ, მხოლოდ პეტროსიანი დააკავეს ახალქალაქელ ოპოზიციონერებს ეჭვს უჩენს, ისინი “შერჩევით სამართალზე” საუბრობენ.

„შერჩევითი სამართალია, უნდა დაამტკიცოს პოლიციამ თუ რატომ არ დააკავეს მკოიანი, მაგაზე ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს და მას? ვნახოთ რას იზამს პოლიცია“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი.

რაც შეეხება ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელს, აშოტ რაისიანს, მისი წყაროს ინფორმაციით, შელაპარაკებისას სროლა დაიწყო მკოიანმა, ასევე ისროდნენ მისი ძმა მარტუნ მკოიანი, დაცვის წევრი და კიდევ ერთი ახლობელი.

„ვფიქრობ რომ ეს ჩვენი პოლიციის დიდი შეცდომაა. ბევრი სროლა იყო 3-4 ტყვია კედელზე იყო და დანარჩენი ისედაც იყო. მე მითხრა ადამიანმა რომელიც იქ იყო და ყველაფერი დაინახა. ყველაზე აქტიური იქ იყო მარტუნი. ადგილობრივები მეკითხებიან ხოლმე თუ რატომ არ დაისაჯა ამისთვის ენზელა და მხოლოდ სხვებმა აგეს პასუხი. ჩემ მეგობარს ნიკა მელიას მანდატი შეუწყვიტეს და ეს ბანდიტი ისროდა დღისით და არაფერი გაუკეთეს. ენზელ მკოიანი აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის, ოცნებას ამისთვის სჭირდება და ამიტომ ხელი არ ახლეს“, – ამბობს რაისიანი.

ახალქალაქში ჰყვებიან, რომ მკოიანებსა და პეტროსიანებს შორის დაპირისპირება 2016 წელს დაიყო. ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლების თქმით, სამველ პეტროსიანი შვილს „ოცნებაში“ დაჰპირდნენ რომ სიაში შეიყვანდნენ და დეპუტატი გახდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, მის მაგივრად დეპუტატი სამველ მანუკიანი გახდა.

„არ ვიცი მერე რა მოხდა, მაგრამ პეტროსიანი ამაში ენზელას ადანაშაულებდა“, – ამბობს რაისიანი.

ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპარტამენტში დაჰკითხეს.

სროლის საქმეზე შსს–მ ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.