სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამასთან, მერებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხასა და მარტვილში მეორე ტური გამოავლენს. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ხმათა უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” ხუთ მუნიციპალიტეტში მიიღო. ეს მუნიციპალიტეტებია – მესტია, ჩხოროწყუ, აბაშა, ხობი და მარტვილი, დანარჩენში ენმ-მ. ინფორაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდის 15 მაჟორიტარული ოლქიდან, მეორე ტური მხოლოდ ერთ, მეოთხე ოლქში გაიმართება მმართველ პარტიას და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის. 5 ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მიიღო ხმათა უმრავლესობა. ენმ-მ 9 ოლქში მოიგო.
ზუგდიდში მერს მეორე ტური გამოავლენს ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას (46,88%) და “ქართული ოცნების” კანდიდატ მამუკა წოწერიას (41,15%) შორის.
პროპორციულ ნაწილში ხმათა უმრავლესობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო – 43, 16%. “ოცნებას” 40,06% აქვს. “გახარია-საქართველოსთვის” – 10,64%.
ხობი
ხობს 12 მაჟორიტარული ოლქი აქვს. გამარჯვებულები პირველივე ტურში გამოვლინდნენ. 10 მათგანში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს, ორ ოლქში ენმ-ის წარმომადგენლებმა.
ხობში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი დავით ბუკია (46,8%) და ენმ-ის კანდიდატ ბესიკ შენგელიას (32,88%) შორის.
პარტია “ქართულ ოცნებას” ხმა 42,74%-მა მისცა, ენმ-ს 33,79%-მა, “გახარია-საქართველოსთვის” 14,11%-მა.
სენაკი
სენაკში 11 მაჟორიტარული ოლქია. აქედან მხოლოდ ორ მათგანში ჩატარდება მეორე ტური მმართველი პარტიის და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის. დანარჩენი 9 ოლქიდან 5-ში, ენმ-ის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ოთხში კი “ოცნების”.
სენაკში მერს მეორე ტური გამოავლენს. აქ ერთმანეთს ენმ-ის და “ოცნების” კანდიდატები, კობა ნაყოფია (42,35%) და ვახტანგ გადელია (40,25%) დაუპირისპირდებიან.
სენაკში ხმათა უმრავლესობა – 39,94% “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო, სახელისუფლებლო პარტიამ კი 38,22%. “გახარია-საქართველოსთვის” 15,56% აქვს.
აბაშა
აბაშაში 10 მაჟორიტარული ოლქია. აქედან ყველა მათგანში გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდა. 9 ოლქში “ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს, ერთში კი ენმ-ის წარმომადგენელმა.
აბაშას, ცესკოს წინასწარი მონაცემებით ახალი მერი ჰყავს. სახელისუფლებლო კანდიდატმა გიგა გაბელაიამ 54,31% მიიღო. “ნაციონალურიმოძრაობის” მერობის კანდიდატ ნუგზარ წიკლაურს კი 32,99% აქვს.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ხმათა უმრავლესობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო – ,87%. ენმ-ს 30,62% აქვს, “გახარია-საქართველოსთვის 8,27%, “ლეიბორისტებს” – 3,16%,”ლელოს” 2,24%.
წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სულ 9 მაჟორიტარული ოლქია. აქედან, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, 5 ოლქში მეორე ტური გაიმართება, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 40%+1 ხმის მოგროვება.
მათგან პირველ მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატი “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელს დაუპირისპირდება, დანარჩენ ოთხ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს.
დანარჩენი ოთხი ოლქიდან ერთში, მეორე მაჟორიტარულ ოლქში, ენმ-ის კანდიდატმა, ბაჩანა ქანთარიამ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების უმრავლესობა – 49,71% მიიღო, სამ ოლქში კი მმართველი პარტიის კანდიდატებმა.
წალენჯიხაში მერის არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება. ენმ-ის წარმომადგენელ გიორგი ხარჩილავას 39, 67% აქვს, “ქართული ოცნების” კანდიდატ გოგა გულორდავას 38, 24%.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ხმათა უმრავლესობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო – 37,78%. “ქართულ ოცნებას” 34,79% აქვს, “გახარია-საქართველოსთვის” 18,96%.”ლელოს” 3,35%, “ევროპულ საქართველოს” 2,12%.
ჩხოროწყუ
ცხრა მაჟორიტარული ოლქია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც. აქაც, წალენჯიხის მსგავსად, ოლქში მეორე ტური შედგება. მათგან მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური, “ოცნებას” და “გახარია-საქართველოსთვის” კანდიდატებს შორის იქნება. ორ შემთხვევაში კი სახელისუფლებო კანდიდატს და ენმ-ის წარმომადგენელს შორის. რაც შეეხება ოთხ ოლქს, აქ ყველგან “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს პირველივე ტურში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჩხოროწყუში მერი პირველივე ტურში გამოვლინდა. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა დათო გოგუამ 43,29% მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ 35,31%. “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელ შენგლი ჯიქიას 21,4% აქვს.
პროპორციულ ნაწილში “ქართულმა ოცნება” ხმების უმრავლესობა – 34,04% მიიღო. ენმ-მ 32,07%. “გახარია-საქართველოსთვის” – 23,19% აქვს, “ლელოს” კი 3,22%.
მარტვილში 12 მაჟორიტარული ოლქიდან, მეორე ტური მხოლოდ სამ მათგანში გაიმართება. ორგან “ოცნებას” და “გახარია-საქართველოსთვის”,ერთ ემთხვევაში კი მმართველ პარტიას და ენმ-ის კანდიდატს შორის.
4 ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, ორ ოლქში ენმ-ის წარმომადგენლებმა, ერთში “გახარია-საქართველოსთვის” კანდიდატმა, ერთგან “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა, ერთ ოლქში “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა.
მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურია “ოცნების” კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას (43,77%) და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ თეიმურაზ ჯანაშიას (36,3%) შორის.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხმათა უმრავლესობა – 36,53% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ენმ-მ 30,02%, “გახარია-საქართველოსთვის” – 17,1%. “სტრატეგია – აღმაშენებელს” – 2,51%, “ევროპულ საქართველოს” – 2,73%.
მესტია
მესტიის 11-ვე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდა. ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატებმა მიიღეს ხმათა უმრავლესობა. მესტია ერთადერთი მუნიციპალიტეტია სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სადაც მაჟორიტარულ ნაწილში ასეთი შედეგი დაფიქსირდა.
მერის არჩევნებშიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოიგო. მან ხმების 64,16% მიიღო.
მესტიაში “ქართულმა ოცნებამ” 61,71% მიიღო, ენმ-მ 11,88%, “გახარია-საქართველოსთვის” 7,35%, “ლელომ” 6,12%, “სტრატეგია-აღმაშენებელმა” 3,35%.
მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 30 ოქტომბერს გაიმართება.