„ქართული ოცნების“ დეპუტატის სახლთან, ახალქალაქში, სროლის ხმა დღეს, 26 მარტს, დაახლოებით, 15:30 საათზე გაისმა. ადგილზე ადგილობრივები შეიკრიბნენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რა გახდა სროლის მიზეზი, უცნობია. ადგილობრივების ვარაუდით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
„არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი სროლა ახალქალაქში. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ენზელს მკოიანის ძმისა და სამველ პეტროსიანის შვილს შორის არსებულ პირად უთანხმოებას. რა არის ამ უთანხმოების მიზეზი არ ვიცით. დაახლოებით ერთი თვის წინ ჰქონდათ მათ ქუჩაში დაპირისპირება“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-1პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სხვა დეტალები უცნობია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟრიტარი დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“, სამველ პეტროსიოანი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი.
Posted by JNEWS.ge – Информационный центр Джавахети on ხუთშაბათი, 26 მარტი, 2020