“ნაცმოძრაობა” “ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას ითხოვს

538

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს.

საქმე ეხება 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ გარჩევას, რომელშიც დეპუტატი მკოიანი მონაწილეობდა და რომლის შედეგადაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი, არმენ მკოიანი ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი, სისხლის სამართლის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, არც პოლიცია და არც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ძალადობრივი ფაქტებით, მაგრამ მისივე თქმით, ის არასდროს არ დასჯილა.

„ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე მდგომარეობა. პანდემიის გავრცელების კუთხით და ეკონომიკურ-სოციალური ვითარების კუთხით ყოველდღიურად უფრო და უფრო გასაჭირში არიან ჩვენი მოქალაქეები და ამ ფონზე მე მინდა გავამახვილო ყურადღება ძალიან საგანგაშო ფაქტზე, იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გავიდა გუშინ საინფორმაციო „მთავარის“ ეთერში. კერძოდ: საქმე ეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ, სისხლის სამართის დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ეს დანაშაული ჩადენილია ათობით ადამიანის თანდასწრებით და ასევე, ამ სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით. როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომელიც გამოირჩევა და გამოირჩეოდა ძალადობრივი ფაქტებით და არასდროს არ დასჯილა იგი, მათ შორის, როდესაც თავს დაესხა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ მკოიანი მათი გუნდის წევრია და რასაკვირველია, არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. გუშინ გავრცელებულ პირდაპირ მტკიცებულებებში, ჩვენ ვიხილეთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მკოიანი ისვრის და მიმართავს ცეცხსასროლ იარაღს ადამიანების მიმართ. ამას უყურებს პოლიციელი, თვითმხილველი ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ არც პოლიცია, არც პროკურატურა იმ წუთას და არც შემდეგ რეაგირებას არ ახორციელებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტია პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული, პარტია შეიტანს წერილს და საჩივარს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ მოხდა. შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 29 მარტს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი დააკავა. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.

დეპუტატმა მკოიანმა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა “მისი განმუხტვა შეძლო”.

მკოიანის ვერსიით, როდესაც ის და მისი ოჯახის წევრები ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, ადგილზე მივიდა პეტროსიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა და თან ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებდა.

სამველ პეტროსიანი კი აცხადებდა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლა მივიდა.