ახალქალაქში სროლის ფაქტზე ბრალდებულებს, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს, პატიმრობა შეეფარდათ

594

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სროლის ფაქტზე ბრალდებულებს სამველ პეტროსიანს და ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმიშვილს არმენ მკოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

„სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

ინციდენტი 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, ენზელ მკოიანის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ენზელ მკოიანი და სამველ პეტროსიანი ახალციხის პოლიციის დეპარტამენტში დაჰკითხეს.

როგორც სამველ პეტროსიანი აცხადებდა, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლა მივიდა.

„ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, – ამბობს სამველ პეტროსიანი.

ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი სამველ პეტროსიანი მის მოკვლას ცდილობდა, ამიტომ მან თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა.