ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოსაწესრიგებლად განკუთვნილი 520 000 000 ლარიდან სამცხე-ჯავახეთისთვის გამოყოფა დაახლოებით 187 000 000 ლარი. ყველაზე დიდი პროექტები განხორციელდება ბაკურიანში, ახალციხესა და ქალაქ ვალეში.
დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ თვეში პარლამენტში საფინანსო– საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ანტონ ობოლაშვილი დაინტერესდა წყალმომარაგების კუთხით, სამცხე–ჯავახეთში რამდენი ლარია გამოყოფილი. მან კითხვაზე პასუხი სხდომის დამთავრების შემდგომ მიიღო პასუხი.
„მთლიანობაში მთელს საქართველოზე 520 000 000 ლარია გამოყოფილი, აქედან დაახლოებით 187 000 000 იხარჯება ჩვენს რეგიონში. ეს არის ბორჯომის, ბაკურიანის, ასევე ვალის პროექტი, რომელიც სამწუხაროდ გაგრძელდა და ჯერ არ დასრულებულა“,- ამბობს ანტონ ობოლაშვილი.
მისივე განმარტებით, ქალაქ ვალეში წყლის სისტემის მოგვარების საკითხის გაჭიანურება, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბრალია.
„ვალეში პროექტის გაჭიანურება ისევ და ისევ კომპანიის ბრალია, რაც არაკეთილსინდისიერი მუშაობიდან გამომდინარეა. მესმის, რომ ჯარიმებზე გადიან, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ძალიან რთულად ასახსნელია, თუ რატომ იწელება ასე პროექტები, რატომ აქამდე ვერ მიიღო სასმელი წყალი ის რა დაპირებაც იყო“,- განმარტა მან.
მისივე თქმით, ვალეს პროექტთან დაკავშირებით, ახალი კომპანიაა გამოვლენილი, რომლის წარმომადგენლებთან გასულ კვირას ისაუბრა.
„ეს ახალი კომპანიაც იგვიანებს საპროექტო ნაწილის მიწოდებას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასე ხდება. გამოყოფილია ამისთვის თანხები, გამზადებულია ყველა მოცემულობა, მაგრამ ხდება ეს შეფერხებები. სამწუხაროდ ხდება ეს კომპანიის მხრიდან, კომპანიებში შეიძლება არასწორი გათვლები აქვთ, ან არასწორი მენეჯმენტი“- თქვა ანტონ ობოლაშვილმა.
როგორც მან განმარტა აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც სასმელი წყლის გაყვანას, ასევე რეაბილიტაციას.